ეს არის ძალიან ვრცელი თემა და შევეცდები ყველაფერი ჩამოვწერო რაც ვიცი.
კანადაში, საქართველოსგან განსხვავებით ძალიან გავრცელებულია კოლეჯები და საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა სწორედ კოლეჯში სასწავლებლად მიემგზავრება. კოლეჯის პროგრამები არის როგორც წესი ერთ ან ორ წლიანი.
უნივერსიტეტის ბაკალავრიატი არის მინიმუმ სამწლიანი პროგრამები, მაგრამ რატომ ჯობია კოლეჯი?
იმიტომ, რომ რამდენ ხანსაც ისწავლი კანადაში, შემდეგ იმდენივე დროით გეძლევა Post Graduate Work Permit. მაგალითად:
თუ თქვენ დაამთავრეთ 2 სემესტრიანი პროგრამა (ანუ 1 წლიანი), შეიტანთ საბუთებს PGWPზე და მიიღებთ მას 8 თვით,
თუ დაამთავრეთ 2 წლიანი პროგრამა - თქვენ მიიღებთ 3 წლიან PGWPს. ეს არის მაქსიმუმი.
ანუ გამოდის, რომ 2 წლის(კოლეჯში) და 3 წლის(უნიში) სწავლის შემდეგ ღებულობთ ერთნაირი ხანგრძლივობის მუშაობის უფლებას (3 წელს).
ბაკალავრიატის შემდგომ საფეხურებზე არის შანსი მოიპოვოთ სრული დაფინანსება უნივერსიტეტებისგან, განსაკუთრებით Phdზე. ასე რომ, თუ გაქვთ ფინანსური დაბრკოლება, გირჩევთ კარგად ისწავლოთ საქართველოში, შემდეგ ჩააბაროთ GRE, მონახოთ უნივერსიტეტბი და დაეკონტაქტოთ პროფესორებს, მოუყვეთ რა თემაზე გინდათ მუშაობა და ა.შ. ვიცი სტუდენტები რუსეთიდან, რომლებიც ვერ მოხვდნენ მაგისტრატურაში კანადაში, შემდეგ ერთ-ერმა საბერძნეთში დაამთავრა მაგისტრატურა და ისევ სცადა Phdზე რამდენიმე უნივერსიტეტში. მიიღეს/დააფინანსეს ამერიკაშიც და კანადაშიც, და აირჩია კანადა.
თუ ონტარიოს პროვინციაში დაამთავრებთ Phdს, დღესდღეობით ონტარიოს Provincial Nominee Program-ის ერთერთი სტრიმის მიხედვით, ეგრევე შეგიძლიათ შეიტანოთ საბუთბი მუდმივად დარჩენაზე (Permanent Residency):
International Students - PhD Graduates Stream
მაგისტრატურის და Phdს შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ დაფინანსება მიიღეთ, ყველაფერი ნათელია სავიზო ოფიცერისთვის და წესით უპრობლემოდ აიღებთ ვიზას. ასევე, შედარებით მეტი შანსებია მათთვის, ვინც ახლა ამთავრებს სკოლას და მშობლებს შეუძლიათ აჩვენონ რომ აქვთ საჭირო თანხა და შეუძლიათ დაასპონსორონ შვილი.
ზოგადად კი ყველამ სავიზო ოფიცერს უნდა დაანახოთ შემდეგი რამ (საჭირო თანხის გარდა):
- თქვენ ეს განათლება გჭირდებათ რომ მომავალში დაწინაურდეთ თქვენს ქვეყანაში. ანუ დღესდღეობით უკვე მუშაობთ მსგავს სფეროში, და ეს განათლება გამოგადგებათ კარიერული წინსვლისთვის.
- ანალოგიურ განათლებას ვერ მიიღებთ საქართველოში.
ეს ყველაფერი უნდა განუმარტოთ "სამოტივაციო წერილში", რომელსაც გააგზავნით სხვა საჭირო საბუთებთან/ სააპლიკაციო ფორმასთან ერთდ. ასე რომ, სასწავლო პროგრამა უნდა აარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად აუხსნით ოფიცერს წერილში, რომ თქვენ ეს განათლება გჭირდებათ. Study Permitის აღების შემდეგ, შეგიძლიათ ჩააბაროთ სხვა პროგრამაზეც და წახვიდეთ თუნდაც სხვა პროვინციაში სულ სხვა კოლეჯში/უნიში (ოღონდ CIC ითხოვს რომ გააფრთხილოთ, თუ სასწავლებელს შეცვლით).
(Study Permitზე სხვა დროს დავწერ დაწვრილებით)
ანუ შევთანხმდეთ, რომ სასწავლო პროგრამას ვირჩევთ "ჩვენი კარიერული გზის ლოგიკური გაგრძელების" მიხედვით.
მეორე ფაქტორი, რის მიხედვითაც უნდა ავირჩიოთ სასწავლებელი, ეს არის "რამდენად დაგვეხმარება ემიგრაციაში". ეს არის დამოკიდებული პროვინციაზე.
მანიტობა - ამ პროვინციაში შეგიძლიათ დაამთავროთ მინიმუმ 1 წლიანი პროგრამა (და მიიღოთ შესაბამისი ხანგრძლივობის PGWP), იპოვოთ ნებისმიერი NOC-ის სამუშაო სრულ განაკვეთზე (შეგახსენებთ, რომ კანადაში სამსახურები იყოფა იმის მიხედვით, თუ ზოგადად რა განათლეაა საჭირო რომ იმუშაო ამ პოზიციაზე: NOC 0 - management, NOC A- university, NOC B - some college, NOC C - some training, NOC D - no training ) , იმუშაოთ 6 თვე, იგივე დამსაქმებელი რომელთანაც იმუშავეთ 6 თვე უნდა ადასტურებდეს რომ მოხარული იქნება თუ მუდმივად იმუშავებთ მასთან, შეგიძლიათ შეიტანოთ საბუთები:
http://www.immigratemanitoba.com/mpnp-for-skilled-workers/eligibility/eligibility-swm/
თუ სხვა პროვინციაში დაამთავრეთ სწავლა, მაშინ 1 წელი უნდა იმუშაოთ 6 თვის ნაცვლად.
ასევე, თუ თქვენ გყავთ მეუღლე, ზოგადად კანადა ცდილობს არ დააშოროს ოჯახები და არის ასეთი ოპცია თან წაიყვანოთ სამუშაო ვიზით მეუღლე. მეუღლესაც შეუძლია ერთ დამსაქმებელთან 6 თვიანი სრულ განაკვეთზე მუშობის შემდეგ შეიტანოს საბუთები და ავტომატურად მთელი ოჯახი გაივლის საემიგრაციო პროცესს და გახდება PR (ამაზეც მომავალში დავწერ ვრცლად).
Red River College იმყოფება მანიტობის დედაქალაქ ვინიპეგში. უამრავი სტუდენტი ირჩევს International Business ფაკულტეტს ამ კოლეჯში, რადგან "კაი ასახსნელია" ოფიცერისთვის. პროგრამა არის ერთ წლიანი და აქვს პრაქტიკები. ხშირად პრაქტიკების შემდეგ დამსაქმებელი თავაზობს ხოლმე სტუდენტს სრულ განაკვეთიან სამსახურს და იმ საკრალური 6 თვის ათვლაც იწყება. ამ პროგრამაზე არის რიგები.
ასევე ITბისთვის "კარგი ასახსნელი" პროგრამა Business Information Technology, სადაც ბიზნესის საგნები და კომპიუტერული საგნები არის გაერთიანებული. ამ პროგრამასაც აქვს პრაქტიკა და ზოგადად პრაქტიკიანი პროგრამის არჩევას აქვს ბევრი პლიუსი. პირველ რიგში ოფიცერს აუხსნით რომ გსურთ საერთაშრისო გამოციდლება მიიღოთ თქვენს სფეროში. ასევე დიდი შანსია სამსახურში აგიყვანონ პრაქტიკების შემდეგ როგორც უკვე ვთქვი.
ზოგადად კანადაში სასწავლებლები და დამსაქმებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთანეთთან.
არის სხვა უნივერსიტეტები და კოლეჯებიც მანიტობაში, მათ შორის ყველაზე ცნობილი:
University of Manitoba
University of Winnipeg
Assiniboine Community College
Brandon University
ვიკიპედიაზე არის სია ყველა პროვინციის სასწავლებლების(კოლეჯები + უნივერსიტეტები), მათ შორის მანიტობაც:
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_colleges_in_Canada#Manitoba
ასევე გააკონტროლეთ, რომ რომელ სასწავლებელსაც აირჩევთ იყოს ამ სიაში, თორე Study Permitს ვერ მოგცემენ:
http://www.cic.gc.ca/english/study/study-institutions-list.asp
რაც შეეხება სხვა პროვინციებს:
კვებეკი - როგორც გუშინ დავწერე, სასწავლო პროგრამის დამთვრების შემდეგ შეგიძლიათ ეგრევე შეიტანოთ საბუთბი.
ონტარიო - უნდა დაამთავროთ მინიმუმ 2 წლიანი undergraduate პროგრამა, ან 1 წლიანი postgraduate სერთიფიკატი, და იპოვოთ სამსახური NOC 0, A, ან Bში.
http://www.ontarioimmigration.ca/en/pnp/OI_PNPSTUDENTS.html
ბრიტანული კოლუმბია - დამთავრებული უნდა გქონდეთ public კანადური სასწავლებელი - ხარისხი/დიპლომი/ან სერთიფიკატი და ისევე როგორც ონტარიოს შემთხვევაში, მაღალკვალიფიციური სამსახური უნდა გქონდეთ ნაპოვნი:
http://www.welcomebc.ca/Immigrate/About-the-BC-PNP/Express-Entry-British-Columbia/Express-Entry-BC-Requirements/Express-Entry-British-Columbia-International-Gradu.aspx
ალბერტა - უნდა გქონდეთ დამთვრებული მინიმუმ 1 წლიანი პროგრამა ალბერტაში, სამსახური უნდა გქონდეთ NOC 0 A B ან C:
http://www.albertacanada.com/opportunity/immigrating/srs-post-graduate-worker.aspx
აქვთ სამსახურების "შავი სია", ანუ თუ ამ სიაში მოხვედრილ პოზიციაზე მუშაობთ, ვერ შეიტანთ საბუთებს:
http://www.albertacanada.com/AINP_SRS_IntlpostGrad_ineligible_occList_with_trades.pdf
სასკაჩევანი - უნდა გქონდეთ დამთვრებული მინიმუმ 1 წლიანი პროგრამა, უნდა ნამუშევარი გქონდეთ ამ პროვინციაში მინიმუმ 6 თვე (მანიტობისგან განხვევებით, co-op და ნახევარ განაკვეთიანი სამსახურები ითვლება), უნდა გქონდეთ ნაპოვნი მაღალკვალიფიციური სამსახური (Noc 0 A B ან C) თქვენი სასწავლო პროგრამის შესაბამის პოზიციაზე.
http://www.economy.gov.sk.ca/Immigration/student
დანარჩენ პროვინციებში, თუ რამე არ შეიცვალა ბოლო ხანებში, ცალკე სტრიმი არ აქვთ საერთაშორისო სტუდენტებისთვის. გთხოვთ დასერჩოთ თითოეული პროვინციის Provincial Nominee Program, Nova Scotia International Student Immigration, და მსგავსი საკვანძო სიტყვები გადასამოწმებლად.
ანუ რომ შევაჯამოთ:
მანიტობაში შეგიძლიათ იმუშაოთ ნებისმიერ პოზიციაზე (თუნდაც მეეზოვედ) 6 თვე(ან თუ სხვა პროვინციაში სწავლობდით 1 წელი), და შეიტანოთ საბუთები;
ონტარიოში და British Columbiaში - უნდა იპოვოთ მაღალკვალიფიციური სამუშაო და შეგიძლიათ ეგრევე შეიტანოთ (NOC 0 A B);
ალბერტაში იგივე რაც ონტარიოში და British Columbiaში + NOC C - "შავი სია"
სასკაჩევანში - 6 თვე უნდა იმუშაო, სწავლის დროს ნამუშევარიც ითვლება. სწავლის შემდეგ უნდა იპოვო შენს სასწავლო პროგრამასთან ასოცირებული სამსახური NOC 0, A, B, C.
მეორე გზა ემიგრაციის, რომელიც არის პროვინციებისგან დამოუკიდებელი, ესაა Canadian Experience Class, იგივე CEC.
http://www.cic.gc.ca/english/hire/cec.asp
ეს ოპცია არის მათთვის, ვისაც აქვს 2-3 წლიანი PGWP, რადგან უნდა იმუშაოთ 12 თვე სრულ განაკვეთზე NOC 0, A, B, პოზიციებზე. შემდეგ ათავსებ შენს აპლიკაციას ექსპრეს ენთრის პულში და ელოდები რომ აგირჩიონ.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც შეეხება ფასებს, ყველაფზე იაფი კოლეჯი 1 წლის წინ იყო New Brunswick Community College. თუმდა ამ პროვინციაში სამუშოებიც ნაკლებად იშოვება, და როგორც ამბობენ კლიმატიც ოკეანის გამო რთულად ასატანია. ასევე არის რიგები. პროგრამები 1 წლის წინ ღირდა 6000 წელიწადში, ანუ 3000 სემესტრში (სემესტრულად იხდი). ზოგადად მარჯვენა სანაპიროს პროვინციებში სწავლა ყველაზე იაფია მთელი კანადის მასშტაბით, მაგრამ საემიგრაციო პროგრამები არ უვარგათ.
შემდეგ სიიაფის მიხედვით მოდის მანიტობა. ყველაზე ძვირიანი პროვინცია - ბრიტანული კოლუმბია.
ფასებს როცა ნახავთ სასწავლებლების ვებ/გვერდებზე, დააკვირდით რომ ფასები იყოს international students-ბისთვის და არა ადგილობრივებისთვის. როგორც წესი, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ცალკე გვერდები აქვთ ხოლმე კოლეჯებს. ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ/მიწეროთ თუ რამე კითხვა გაქვთ. არ დაკარგოთ დრო ფორმალურობაზე, როგორც წესი მიმოწერა ხდება ხოლმე მეგობრულად :)
ყველა კოლეჯს აქვს თავისი წესები, მაგრამ ზოგადად ყველგან ჩაბარება ადვილია (კოლეჯებში): ითხოვენ TOEFL ან IELTS Academic, სკოლის ატესტატს, და Application Fee. ატესტატი და იელტისი შეიძლება მოითხოვონ ორიგინალი, ან ნოტარიულად დამოწმებული კოპია/თარგმანიც მიიღონ. გააჩნია კოლეჯს. თუ ადგილები შევსებულია, გადაგიყვანენ "მომლოდინეთა სიაში". ზოგი პოპულარული პროგრამა იწყება წელიწადში 2 ჯერ (სექტემბერში და დეკემბერში), ზოგი საერთოდ სამჯერ (მაისშიც). საიტზე ყოველთვის არ უწერიათ რომ დაამატეს ახალი მიღების თარიღი, ასე რომ ყოველ შემთხვევაში ჯობია მიწეროთ.
და ბოლოს კიდევ ერთი ნიუანსი მანიტობაზე - ის საერთაშორისო სტუდენტები, რომლებიც გაივლიან ემიგრაციის პროცესს წარმატებით და დარჩებიან მანიტობაში, "ზედმეტ" გადახდილ სწავლის საფასურს უკან მიიღებენ ტაქსების დაქვითვის სახით.
ანუ საერთაშორისო სტუდენტი იხდის 60%ით მეტს, ვიდრე ადგილობრივი. მას შემდეგ რაც გახდებით Permanent Resident, ეს 60% დაგიბრუნდებათ და გამოვა რომ სწავლაში იგივე გადაიხადეთ, რაც ადგილობრივმა (იმიტომ რომ უკვე ხართ ადგილობრივი) ❤
P.S. საერთაშორისო სტუდენტებს უფლება აქვთ სწავლის პერიოდში იმუშაონ 20 საათი კვირაში და არდადეგების დროს სრული განაკვეთით.
გამარჯობა. მადლობას გიხდით ასეთი სასარგებლო თემისთვის.
ReplyDeleteთუმცა გამიჩნდა რამოდენიმე კითხვა დეტალებთან დაკავშირებით და გთხოვთ შეძლებისდაგვარად დამეხმაროთ ბუნდოვანების გაფანტვაში.
1. სასწავლებელში საბუთების შეტანის შემდეგ გამგზავრებამდე რა პროცედურებია, რა თანხებთანაა დაკავშირებული და რა ვადები სჭირდება?
აუცილებელია თუ არა სწავლის სრული საფასური იდოს ანგარიშზე ოფიცრისთვის წარსადგენად?
2. როგორ უნდა მოიძიოს იქ ჩასულმა (სწავლის მსურველმა და მისმა მეუღლემ) საცხოვრებელი ფართი და სამსახური და დაახლოებით რა ხარჯებთანაა დაკავშირებული (რეკომენდირებული) მანიტობაში ცხოვრება?
3. შესაძლებელია თუ არა სწავლის დამთავრებამდე ხელახლა სწავლის დაწყება (მოსწავლის/მეუღლის მიერ) კანადის დატოვების გარეშე და თან მუშაობის უფლება რომ არ იქნეს შეწყვეტილი? (არის რისკი, რომ პირველივე წელი არ იყოს წარმატებული)
4. სწავლის პერიოდი შედის თუ არა მოქალაქეობის მისაღებად საჭირო 4 წლიან ვადაში?